გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა
გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

მიანმარში საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა 138-მდე გაიზარდა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჯარიკმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გაერო-ს ინფორმაციით, მიანმარში 56 ადამიანი მხოლოდ გასული კვირის უქმე დღეებში მოკლეს. მიანმარში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

„გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მიმდინარე ძალადობას და მიანმარის მოსახლეობის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას“, – განაცხადა დუჯარიკმა.

პირველ თებერვალს მიანმარელმა სამხედროებმა ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებისა და ერთი წლით საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ განაცხადეს. სამხედრო გადატრიალების დროს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დააკავეს. სამხედროები აცხადებენ, რომ გასული წლის ნოემბერში არჩევნები მასშტაბური გაყალბებით ჩატარდა. ​მიანმარის მოსახლეობა პოლიტიკური ხელმძღვანელობის გათავისუფლებას ითხოვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროები აქციის მონაწილეებს ესვრიან.