გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიას განმარტებით, დასავლური ქვეყნები ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ დელეგაციებზე. კერძოდ, აშშ-მა და ალბანეთმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც მოუწოდებენ გაერო-ს წევრებს, თანასპონსორობა არ გაუწიონ რუსეთის რეზოლუციას. ვასილი ნებენზიას თქმით, ამის გამო, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოითხოვოს კენჭისყრა, თუმცა რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ.

დიპლომატების განმარტებით, რუსეთის მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15-წევრიანი საბჭოს უმეტესობა თავს შეიკავებდა რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრისგან, რადგან ის არ ეხებოდა პასუხისმგებლობას და არ აღიარებდა რუსეთის შეჭრას მეზობელ ქვეყანაში და არც ბრძოლის შეწყვეტას ან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო ექვსი ქვეყნის – აშშ-ის, ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოწვევით შეიკრიბა.