გაერო-ს შტაბ-ბინაში ფილიპინების მისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
გაერო-ს შტაბ-ბინაში ფილიპინების მისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გაერო-ს შტაბ-ბინაში ფილიპინების მისიის წევრ დიპლომატ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს გაერო-ს შტაბ-ბინაში ახალი ვირუსის პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც გაერო-ში ფილიპინების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კირა აზუსენამ განაცხადა, მთელი ფილიპინური მისია დახურულ რეჟიმში იმყოფება, მთელმა პერსონალმა თვითიზოლაციასთან დაკავშირებით ინსტრუქციები მიიღო.

„ვვარაუდობთ, რომ ყველა ჩვენგანი ინფიცირებულია“, – განაცხადა ფილიპინების მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

გაერო-ში ფილიპინების დელეგაცია 12 წევრს ითვლის.

ამასთან, ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტეოდორო ლოკსინმა აღნიშნა, რომ დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ფლორიდიდან დაბრუნდა.

გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, ინფიცირებული ფილიპინელი დიპლომატი გაერო-ს შტაბ-ბინაში 9 მარტს იმყოფებოდა, რა დროსაც შეხვედრა ჰქონდა სხვა მისიის ორ დიპლომატთან.

გაერო-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის გამოვლენის გამო, 13 მარტს დაგეგმილი რამდენიმე სხდომა გაუქმდა.
ნიუ იორკში გაერო-ს შტაბ-ბინაში 3 000-მდე ადამიანი მუშაობს.