გაერო-ს სასამართლო - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები არ უნდა აისახოს ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე
გაერო-ს სასამართლო - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები არ უნდა აისახოს ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე

აშშ-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აისახოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებაში.

ამგვარად, საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს თეირანს, რომელიც ამტკიცებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მაისის შემდეგ დაწესებული სანქციები არღვევდა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის შესახებ 1955 წლის შეთანხმების პირობებს.

სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია ვაშინგტონის მიერ აგვისტოში მიცემული დაპირება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა სანქციები არ აისახოს ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ აშშ-მა 1955 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც 2018 წლის 8 მაისს გამოცხადებული ზომებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა თავმჯდომარე მოსამართლემ აბდულქავი იუსუფმა.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ირანში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის განკუთვნილი საქონლის ექსპორტი, მათ შორის მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურეობის ექსპორტი.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, 4 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს.
გასულ თვეს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის არსებული 1955 წლის შეთანხმება დავების გადაჭრაში სასამართლოების გამოყენებას გამორიცხავს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით, აშშ-ის მიერ სანქციების განხორციელებაზე მკვეთრად შეზღუდული პრაქტიკული გავლენა ექნება. ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ აღადგინა და გაამკაცრა, რაც ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.
გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს არ გააჩნია მათი აღსრულების ძალაუფლება. წინა შემთხვევების დროს როგორც აშშ-მა, ისე ირანმა ერთმანეთთან დავაში სასამართლოს გადაწყვეტილებები უგულებელყო.