გაერო-ს მონაცემებით, ჰუმანიტარული კრიზისი პლანეტაზე მცხოვრებ ყოველ 70-ე ადამიანს ეხება
გაერო-ს მონაცემებით, ჰუმანიტარული კრიზისი პლანეტაზე მცხოვრებ ყოველ 70-ე ადამიანს ეხება

2019 წელს გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარებისთვის შესაძლოა 25 მილიარდი დოლარი დასჭირდეს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ომების, ძალადობისა და დევნის გამო 2019 წელს ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების წინაშე შესაძლოა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდეს. ამ გამოთვლებით, კრიზისული სიტუაცია ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ყოველ 70-ე ადამიანს ეხება.

გაერო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური დახმარება პირველ რიგში საჭიროების მქონე პირებისთვის საცხოვრებელი სახლების აშენებისთვის, ასევე სკოლებისა და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფისთვის გახდება საჭირო.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იემენში არსებულ ვითარებას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. არაბეთის ნახევარკუნძლზე მდებარე სახელმწიფოში 8 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფება. გაერო-ს ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი მომავალ წელს შესაძლოა 12 მილიონამდე გაიზარდოს.

2018 წელს გაერო-მ მთავრობებს, ფონდებს და სხვა დონორებს კრიზისულ რეგიონებში დახმარების გასაწევად 25 მილიარდი დოლარი მოთხოვა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული თანხის მხოლოდ 56 პროცენტის მოგროვება მოხერხდა (13,9 მილიარდი). საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 20 ჰუმანიტარულ კრიზისს ებრძვიან.