გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

გუტერეში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

„აღნიშნული საუბრების დროს მან ერთი და იგივე გზავნილი გადასცა: საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის, დაძაბულობის შემცირებისა და წინასწარი პირობებისა და შეყოვნების გარეშე კონსტრუქციულ მოლაპარაკებებთან დაბრუნების აუცილებლობა“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გაერო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა კონფლიქტის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად კი ნიკოლ ფაშინიანმა ანტონიუ გუტერეშთან საუბრისას კონფლიქტში თურქეთის დესტრუქციულ როლზე ილაპარაკა.