გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა
გაერო-ს გენერალური მდივანი სომხეთის პრემიერსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ესაუბრა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ესაუბრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანსა და ანტონიუ გუტერეშს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა არსებული სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა მშვიდობის აღდგენის მნიშვნელობას.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ანტონიუ გუტერეშს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ანტონიო გუტერეშს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმების, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე, რომლებიც, მისი თქმით, მოითხოვს სომხეთის ძალების დაუყონებლივ და უპირობო გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან.