გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიო ლიდერებს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს გენერალური მდივანი მსოფლიო ლიდერებს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მსოფლიო ლიდერებს კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად კლიმატური ცვლილებების საკითხზე გამართული კონფერენციის შემდგომ განაცხადა.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, შეხვედრაზე მან მოისმინა იმედისმომცემი განცხადებები განვითარებადი ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს კლიმატური კონფერენცია გლაზგოში 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გაიმართება.

„ჩემი გზავნილია, რომ ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედებები ახლა, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატური კატასტროფა. ამისთვის კი ჩვენ სოლიდარობა გვჭირდება. ახლანდელი და მომავალი თაoბების გადარჩენა საერთო პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

გასულ კვირას გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, არსებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2030 წელს გლობალური ემისია, 2010 წელთან შედარებით, 16 პროცენტით გაიზრდება.