ანტონიო გუტიერეში - მ​ოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, თავშეკავება გამოიჩინონ
ანტონიო გუტიერეში - მ​ოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, თავშეკავება გამოიჩინონ

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში სირიაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ქმედებებს ეხმაურება და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ანტონიო გუტიერეშის თქმით, ის ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

„უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. მოვუწოდებ საბჭოს წევრებს, გაერთიანდნენ და შეასრულონ ნაკისრი პასუხისმგებლობა.

მ​ოვუწოდებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას, გამოიჩინონ თავშეკავება ამ სახიფათო დროსა და გარემოებების გათვალისწინებით, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის ესკალაცია და სირიელი ხალხის მდგომარეობა არ გაუარესდეს“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

გუტიერეშმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დასადგენად სპეციალურ მექანიზმზე შეთანხმება ვერ შეძლო.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.