გაერო-ს გენერალური მდივანი ირანსა და პაკისტანს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ირანსა და პაკისტანს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ქვეყნებს შორის ესკალაცია, – ამის შესახებ გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების ყველა პრობლემა ორ ქვეყანას შორის უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, დიალოგისა და თანამშრომლობის გზით, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.
შეგახსენებთ, გუშინ ირანმა დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე, რის შედეგადაც ორი ბავშვი დაიღუპა. პაკისტანმა განაცხადა, რომ ირანთან ყველა მაღალი დონის დიპლომატიურ ურთიერთობას შეაჩერებდა, რის შემდეგაც პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.