გაერო-ს ანგარიში - გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ცხოველთა და მცენარეთა მილიონამდე სახეობას განადგურება ემუქრება
გაერო-ს ანგარიში - გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ცხოველთა და მცენარეთა მილიონამდე სახეობას განადგურება ემუქრება

გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გამო ცხოველთა და მცენარეთა მილიონამდე სახეობას განადგურება ემუქრება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გაერო-ს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური მომსახურების მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმის (IPBES) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორები. სპეციალურ ანგარიშზე 50 ქვეყნის სპეციალისტი მუშაობდა.

„ჩვენი ანგარიში ეძღვნება იმას, თუ რამდენად სწრაფად ვკარგავთ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას და რამდენად შეგვიძლია მომავალში მისი შენარჩუნება. თუ გვსურს, რომ ჩვენს შვილებს შევუნარჩუნოთ მსოფლიო, რომელიც არ არის ადამიანის მიერ განადგურებული, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმის თავმჯდომარემ, პროფესორმა ბობ უოთსონმა.

მეცნიერების მონაცემებით, ბიოლოგიური სახეობების განადგურება დაჩქარებული ტემპებით გრძელდება, ამის მიზეზი გლობალური სოფლის მეურნეობის განვითარება და ცვლილებაა. ანგარიშის ავტორები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, საგანგებო ზომები პოლიტიკურ დონეზე განხორციელდეს.

ანგარიში 1800-გვერდიანია. პარიზში გამართულ კონფერენციაზე მისი მოკლე, 40-გვერდიანი ვერსია წარადგინეს. დოკუმენტში შეფასებულია, თუ რამდენად არის მსოფლიოს მოსახლეობა დამოკიდებული ბუნებრივ სისტემებზე. მეცნიერების მონაცემებით, 1980-2000 წლებში განადგურდა 100 მილიონი ჰექტარი ტროპიკული ტყე, 1992 წლიდან კი ქალაქების ფართობი გაორმაგდა.

დოკუმენტის ავტორების აზრით, ამჟამად განადგურების საფრთხე ემუქრება პლანეტის ცხოველებისა და მცენარეების სახეობების 25 პროცენტს.

დატოვე კომენტარი