გაერო ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს
გაერო ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ბაჰამის კუნძულებისთვის მიყენებული ზარალი კატასტროფულია. მოქალაქეები სურსათის დანაკლისს განიცდიან. რიგებია ბენზინგასამართ სადგურებთან. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის გამო, დენი კუნძულების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.

წყლის ქვეშ აღმოჩნდა აეროპორტები, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია შეფერხებულია.

ქარიშხალი „დორიანი“ მეხუთე კატეგორიის სტიქიაა, რომელმაც ბაჰამის კუნძულებს 1-2 სექტემბერს გადაუარა. შედეგად ათასობით სახლი დაინგრა. დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. თუმცა, მთავრობა მსხვერპლის გაზრდას პროგნოზირებს.

„ჩვენს ქვეყანას ისტორიაში ყველა დიდი ეროვნული კრიზისის დაატყდა თავს“, – განაცხადა ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა ჰუბერტ მინისმა.

დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბაჰამის კუნძულების ნაწილი დატბორილია. წაქცეულია ხეები. დანგრეულია სახლები და დამხმარე ნაგებობები.

როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკ ლოუკოკმა განაცხადა, გაერო ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

მისივე თქმით, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სულ მცირე 70 000 ადამიანს სჭირდება.

გუშინ ქარიშხალი ფლორიდას დაატყდა თავს. თუმცა, „დორიანი“ შესუსტდა და სინოპტიკოსების თქმით, ის მეორე კატეგორიის სტიქიაა. საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული როგორც ფლორიდაში, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის შტატშიც.