გაერო მზადყოფნას გამოთქვამს, ფასილიტაცია გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან
გაერო მზადყოფნას გამოთქვამს, ფასილიტაცია გაუწიოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან

გაერო მზადაა, ფასილიტაცია გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ვიზიტს, თუ ამას რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან, – ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. 5 აგვისტოდან მოყოლებული კიევი და მოსკოვი სადგურის მისამართის სარაკეტო დარტყმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო იერიშის შემდეგ უკრაინელ „ენერგოატომში“ განაცხადეს, რომ სადგური ბირთვული უსაფრთხოების რისკის ზღვარზე მუშაობს. კიევი მოითხოვს, რომ რუსმა სამხედროებმა დატოვონ ატომური ობიექტი და მასზე კონტროლი სრულად დაუბრუნდეს უკრაინას.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე, გაერო-ს სამდივნომ მოახდინა შეფასება, რომ უკრაინაში გააჩნია ლოჯისტიკური და უსაფრთხო პოტენციალი, რათა მხარი დაუჭიროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერი მისიის ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი თანახმა იქნებიან“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრმა სერგეი შოიგუმ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო ფუნქციონირების პირობებზე სატელეფონო საუბარი გამართა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან. როგორც მოსკოვში აღნიშნეს, გუტერეშმა და შოიგუმ ასევე განიხილეს ინიციატივები რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტისთვის პირობების შესამსუბუქებლად.