გაერო - ავღანეთში 2018 წელს ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
გაერო -  ავღანეთში 2018 წელს ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, მონაცემების აღრიცხვის დაწყების შემდეგ 2018 წელს ავღანეთში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ავღანეთში 3 804 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომელთაგანაც 927 ბავშვია. გაერო-ში აცხადებენ, რომ 2017 წელთან შედარებით, ავღანეთში სამოქალაქო მსხვერპლი 11 პროცენტითაა გაზრდილი.

გაერო-ს მონაცემებით, მსხვერპლის 63 პროცენტი რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ აფეთქებების შედეგია. თუმცა, მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლის მეოთხედი ეროვნული უსაფრთხოების ძალების, საერთაშორისო სამხედრო ძალებისა და მთავრობის მომხრე შეიარაღებული ჯგუფების მოქმედებებმა გამოიწვია.

გაერო-ს ანგარიშით, ბოლო ათ წელიწადში ავღანეთში 32 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60 ათასამდე კი, დაშავდა.