„გაძეტა დელო სპორტი“ - დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაუმჯობესებულ კონტრაქტს იანვარში გაუფორმებს #1TVSPORT
„გაძეტა დელო სპორტი“ - დე ლაურენტისი კვარაცხელიას გაუმჯობესებულ კონტრაქტს იანვარში გაუფორმებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს, ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში დაუფასოს და შესაძლოა, ახალი კონტრაქტი, გაუმჯობესებული პირობებით, იანვარში შესთავაზოს – ინფორმაციას „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

„ნეაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ტკბება და შესაძლოა, გუნდმა ქართველს მალე კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. კვარაცხელიას ამჟამინდელი ხელფასი 1.4 მილიონი ევროა. მართალია, კონტრაქტის დასრულების ვადა ჯერ კიდევ შორსაა (2027 წელი). თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს სურს, ფეხბურთელს კარგი თამაში დაუფასოს და გაუმჯობესებული პირობებით ახალი ​კონტრაქტი გაუფორმოს. სავარაუდოდ, ეს ახალ წელს, იანვარში მოხდება, ხოლო ხელშეკრულების ვადა 2028 წლამდე გახანგრძლივდება“ – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“, ყველა ტურნირზე, 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ფეხბურთელის შეფასება ამ პერიოდში 4-ჯერ გაზარდა – იტალიაში ჩასვლისას ხვიჩას ფასი 15 მილიონი ევრო იყო, ბოლო შეფასებით კი 60 მილიონი ევრო გახდა.

აურელიო დე ლაურენტისი იტალიელი კინოპროდიუსერია. მას ეკუთვნის კომპანია Filmauro. არის იტალიური საფეხბურთო კლუბების, „ნაპოლის“ და „ბარის“ მფლობელი. 2004 წელს, როდესაც „ნაპოლი“ გაკოტრდა და მესამე დივიზიონში დაქვეითდა, კლუბი შეიძინა და 3 წელიწადში სერია A-ში დააბრუნა, ბოლო წლებში კი „ნაპოლი“ ჩემპიონატის ლიდერებში დამკვიდრდა.