გადრანი ყაზახეთში წავიდა - უცხოეთში თამაშის გამოცდილება ადაპტაციაში უნდა დამეხმაროს #1TVSPORT
გადრანი ყაზახეთში წავიდა - უცხოეთში თამაშის გამოცდილება ადაპტაციაში უნდა დამეხმაროს #1TVSPORT

ლუკა გადრანმა ყაზახურ „ტარაზთან“ გააფორმა კონტრაქტი – ამის შესახებ 24 წლის მცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„კონტრაქტს ხელი „ტარაზთან“ გუშინ მოვაწერე. ეს ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდია. გუნდში ძალიან თბილად დამხვდნენ. განსხვავებული თბილი ხალხი იმ ევროპული გუნდებისგან განსხვავებით, სადაც ვყოფილვარ. მიმაჩნია, რომ ამ გუნდში გადასვლით კარიერაში წინსვლის კარგი საშუალება მექნება“, – განაცხადა ლუკა გადრანმა საქართველოს პირველ არხთან.

24 წლის მცველმა კარიერა „დინამო1“-ში დაიწყო. ასევე ითამაშა „ვიტ ჯორჯიაში“, ესპანური „დეპორტივო ალავესის“ სარეზერვო გუნდში, „სამტრედიაში“, „ცხინვალში“, „რუსთავში“, ირანულ „შაჰინ ბუშერში“ და ლატვიურ „ვალმიერაში“.

ლუკა გადრანი იმედოვნებს, რომ ეს გამოცდილება ახალ კლუბში დაეხმარება.

„ესპანეთში, ირანსა და ლატვიაში ვითამაშე და ეს იყო დიდი გამოცდილება. მაგალითად, ირანული გუნდები მუდმივად აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ან ნახევარფინალში გადიან. ასეთ ჩემპიონატში ძალიან გავიზარდე. რაც შეეხება ლატვიას, იქ ევროპული საფეხბურთო სტილიც საკმაოდ კარგად ავითვისე. თითქმის ყველა შეხვედრა ვითამაშე კონფერენს ლიგაზე – ეს სასიამოვნო და დიდი გამოცდილება იყო“.