გადრანი ტრავმის გამო რამდენიმე თამაშს გამოტოვებს - ქართველებს „ქაირათში” ახალი მწვრთნელი ჰყავთ #1TVSPORT
გადრანი ტრავმის გამო რამდენიმე თამაშს გამოტოვებს - ქართველებს „ქაირათში” ახალი მწვრთნელი ჰყავთ #1TVSPORT

ლუკა გადრანი ტრავმირებულია, მაგრამ სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა და, სავარაუდოდ, მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება – ამის შესახებ „ქაირათის“ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში „ქაირათმა“ „ატირაუ“ 1:0 დაამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასაწყისში ალმათელების მეკარემ ორი პენალტი მოიგერია.

გუნდში ახალი მწვრთნელი, რაფაელ ურაზბახტინი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობით  „ქაირათმა“ პირველი მატჩი ჩაატარა. ორივე ქართველი, გიორგი ზარია და ლუკა გადრანი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ გადრანი 38-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

„თამაშის დროს დავშავდი, მაგრამ, საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას გადავურჩი. როგორც მითხრეს, მუხლის მედიალური მყესის დაჭიმულობა მაქვს და მკურნალობას რამდენიმე კვირა დასჭირდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლუკა გადრანმა.

„ქაირათი” საწყისი ტურების შემდეგ ჩემპიონატის ლიდერი იყო, მაგრამ პოზიციები დათმო და შვიდი ტურის შემდეგ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.