გადრანი და სიჭინავა „ატირაუში“ ემზადებიან - იმნაძე „ორდაბასში“ ითამაშებს #1TVSPORT
გადრანი და სიჭინავა „ატირაუში“ ემზადებიან - იმნაძე „ორდაბასში“ ითამაშებს #1TVSPORT

ყაზახეთის კლუბებში, შესაძლოა, მალე კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხოს – გიორგი გადრანი და ნიკა სიჭინავა „ატირაუში“ ვარჯიშობენ.

ყაზახური მედიის ცნობით, „ატირაუ“ შეკრებას თურქეთის ქალაქ ანტალიაში გადის. ქართველები ბულგარეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის „დობრუჯასთან“ ამხანაგური მატჩში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, რომელშიც ყაზახური კლუბი 0:1 დამარცხდა.

გიორგი გადრანი 30 წლის ცენტრალური მცველია, რომელსაც ბევრ გუნდში უთამაშია – ოდესის „ჩერნომორეცში“, „დინამო თბილისში“, გორის „დილაში“, ბათუმის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონსა“ და „სპაერში“. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე იყო, ის „ქაირათის“ მცველის, ლუკა გადრანის ძმაა.

ნიკა სიჭინავამ კარიერა დონეცკის „შახტარის“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო. თამაშობდა ფოთის „კოლხეთში“, „ვიტ ჯორჯიაში“, 2018 წელს უკრაინაში წავიდა. სადაც „ინჰულეცსა“ და კოვალივკას „კოლოსში“ გამოდიოდა. 2022 წელს უკრაინა დატოვა და ფინეთის ვეიკაუსლიგაში ჯერ კუპს-ში თამაშობდა, შარშან კი „ილვეს-კისატში“ გადავიდა.

ყაზახეთი დატოვა ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ, რომელიც ლიეტუვაში კაუნასის „ჟალგირისში“ ჩაირიცხა. ლუკა იმნაძემ „ყიზილ ჟარა“ დატოვა და „ორდაბასში“ ითამაშებს, ხოლო გიორგი ფანცულაია „ჟენისს“ დაემშვიდობა და კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს.