გადაწყვეტილება მიღებულია - ცხადაძე „ორდაბასიდან“ მოდის
გადაწყვეტილება მიღებულია - ცხადაძე „ორდაბასიდან“ მოდის

„გადაწყვეტილება მიღებული და ყაზახეთიდან მოვდივარ“, – ამის შესახებ კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ განაცხადა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასში“ მუშაობს, კლუბიდან წამოსვლის დეტალებზე ილაპარაკა.

„მეც და კლუბმაც გადაწყვეტილება მივიღეთ. „ორდაბასთან“ ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია, რაც მივიღე. სამ კვირაში საქართველოში დავბრუნდები და ახალ გუნდზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, – განაცხადა შიმკენტისორდაბასის“ ქართველმა მწვრთნელმა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი ყაზახური კლუბებისთვის წარუმატებელი გამოდგა: „წელს ვერც ერთი ყაზახური კლუბი ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველად მოხდა. მაგრამ ზოგადად, ფეხბურთში საკლუბო დონე ფინანსებზეა დამოკიდებული. ამით ყაზახეთი საქართველოზე წინაა, მდიდარი კლუბები ჰყავთ და ჩვენგან განსხვავებით, ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანის მეტი საშუალება გააჩნიათ“.

52 წლის კახა ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი იყო, ხოლო 2014-2015 წლებში – მისი მთავარი მწვრთნელი. ცხადაძეს უცხოეთში მწვრთნელად მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. 2009-15 წლებში წვრთნიდა ბაქოს „ინტერს“, 2016-2017 წლებში – ალმათის „ქაირათს“, ხოლო შიმკენტისორდაბასი“ 2018 წელს ჩაიბარა.

დატოვე კომენტარი