გადამწყვეტი გოლის ავტორმა საქართველოს ნაკრები შეაქო - წარმოუდგენელი გულშემატკივრები და რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ #1TVSPORT
გადამწყვეტი გოლის ავტორმა საქართველოს ნაკრები შეაქო - წარმოუდგენელი გულშემატკივრები და რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და „ლაიფციგის“ შემტევმა დანი ოლმომ, რომელიც საქართველოს ნაკრებთან გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა, მატჩი შეაფასა, ხოლო მეტოქე – დააფასა.

„ჩვენ უნდა გაგვემწვავებინა შეტევა და საქართველოს დაცვის ბარიერი გადაგველახა. ამ დავალებამ ძალიან კარგად იმუშავა. თამაში ყველა ნაკრებთან რთულია. საქართველო კი დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა და საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა. ჩვენთვის ეს ძნელი გამარჯვება იყო, მაგრამ ჩვენ დაჟინებით ვუტევდით და მოგება დავიმსახურეთ“, – განაცხადა დანი ოლმომ.

ესპანელთა ახალგაზრდა შემტევმა საქართველოს ნაკრები, მისი რამდენიმე მოთამაშე და გულშემატკივარი შეაქო.

„საქართველოს გულშემატკივრობა და მასპინძელთა გოლზე ხალხის ემოციები წარმოუდგენელი იყო. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ჰყავთ რამდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი, რომლებმაც კონტრშეტევაზე პრობლემები შეგვიქმნეს“.