გადამწყვეტი გოლიდან სამ წუთში გააძევეს - გაფრინდაშვილმა „ზაგლემბიეში“ პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე გაფრინდაშვილმა ახალ კლუბში, ლუბინის „ზაგლემბიეში“ თავი პირველი გოლით გამოიჩინა, გუნდმა მისი გოლით მოიგო, მაგრამ მოედანი მაინც უკმაყოფილომ დატოვა.

ეს პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) მე-3 ტურის შეხვედრაში მოხდა – „ზაგლემბიე“ გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას, „პიასტს“ ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით (1:0) დაამარცხა.

ლუბინის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი ფეხბურთელი – გურამ გიორბელიძე (90+2-ე წუთზე შეცვალეს) და თორნიკე გაფრინდაშვილი. მათ პირველი ტური გამოტოვეს, შემდეგ კი მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში ადგილი ანდო და არც შემცდარა.

გაფრინდაშვილი ძალიან აქტიური იყო და მე-9 წუთზე შორეული დარტყმით პირველად სცადა გატანა. ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე გაიტანა – ქართველმა შემტევმა კუთხურის შემდეგ პოზიცია კარგად შეარჩია და დამატებაზე კარი აიღო.

სამწუხაროდ, ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ სამ წუთში „პიასტის“ ავსტრიელ ლეგიონერს, კონსტანტინ რეინერს ბუცებით წვივში ჩაარტყა. მას უხეშობისთვის წითელი ბარათი აჩვენეს და მოედანი დატოვა. ამის მიუხედავად, „ზაგლემბიემ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა, რაც გუნდისთვის სეზონში პირველი გამარჯვება იყო და 4 ქულით გუნდი ექსტრაკლასაში მე-6 ადგილზეა.