„გადამიხადე და წავალ“ - სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის კონფლიქტი მოხდა
„გადამიხადე და წავალ“ - სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის კონფლიქტი მოხდა

„აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მცველს სერხიო რამოსსა და კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს შორის კლუბის გასახდელში კონფლიქტი მოხდა, – წერს გაზეთი „ეი-ეს“ (AS).

მადრიდელთა ხელმძღვანელი გუნდის გასახდელში შევიდა და ფეხბურთელების დატუქსვა დაიწყო. მან გამოაცხადა, რომ მოთამაშეები ძალიან ბევრს ისვენებენ და მინდორზე ასი პროცენტით არ იხარჯებიან.
სერხიო რამოსი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა, მაგრამ თამაშის შემდეგ გასახდელს ეწვია. პერესის აზრის მოსმენის შემდეგ, კაპიტანმა განაცხადა – „გადამიხადე და წავალ. ყველაფერი გავიღე ამ ემბლემისთვის, კლუბისთვის და შენთვისაც კი“.

კონფლიქტის მოწმე გახდა „რეალის“ ყველა ფეხბურთელი. ამ სიტყვებზე პერესის რეაქციის შესახებ არაფერი დაწერილა.