გადადგომა 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ - ფრუიძე „ჩიხურას“აღარ გაწვრთნის
გადადგომა 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ - ფრუიძე „ჩიხურას“აღარ გაწვრთნის

საჩხერეს „ჩიხურას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა – 12-წლიანი საქმიანობის შემდეგ სოსო ფრუიძემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

„2007 წელს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, საჩხერეში დაიწყო ფეხბურთის გამოცოცხლება. ამ პროცესს სათავეში სოსო ფრუიძე ჩაუდგა და დაიწყო გუნდის ნაბიჯ-ნაბიჯ შენება, დაარსდა „ჩიხურას” აკადემია, გადამზადდნენ ვეტერანი საჩხერელი ფეხბურთელები ( C, B, A, PRO სამწვრთნელო ლიცენზია), ჩამოყალიბდა სამედიცინო შტაბი და დღემდე ჩვენი კლუბის აკადემიაში რეგულარულად 450 ბავშვზე მეტი ვარჯიშობს. ბატონმა სოსომ ჩამოაყალიბა ბრძოლისუნარიანი გუნდი და კლუბი „ჩიხურა” 2011 წლიდან საქართველოს უმაღლეს ლიგაში თანამედროვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანად იქცა, რაზეც ნათლად მეტყველებს „ჩიხურას” დაკავებული პოზიციები ეროვნულ ჩემპიონატში: გუნდი გახდა ვიცე ჩემპიონი, თასის ფინალში სამჯერ ითამაშა, ხოლო სუპერთასის გათამაშებაში – ორჯერ.

ამ დროის მანძილზე „ჩიხურას” ყველაზე დაბალი პოზიცია მე-5 ადგილი იყო! 2013 წელს მოვიპოვეთ სუპერ თასი, 2017 წელს კი – დავით ყიფიანის სახელობის თასი. ექვსჯერ მოვიპოვეთ ევრო ტურნირის საგზური და, ჯამში, ევრო ლიგაზე საჩხერისა და საქართველოს ღირსება 22-ჯერ დავიცავით. ქართველ გულშემატკივარს ბურსას (თურქეთი), ბეითარის (ისრაელი), ვადუცის (ლიხტენშტეინი), ტურნოვოსა (მაკედონია) და ფოლას (ლუქსემბურგი) წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობით დიდი სიხარული ვაჩუქეთ! ამ დროისათვის პირველ გუნდში ირიცხება ჩვენივე აღზრდილი 8 ფეხბურთელი. ამ საამაყო მონაგარის დირიჟორი და განმხორციელებელი სწორედ ბატონი სოსო ფრუიძე გახლავთ და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი კლუბის მენეჯმენტის სრული ნდობით განვითარდა.

მადლიერების ნიშნად, ბატონი სოსო ფრუიძე საჩხერლების მიერ საჩხერის 2017 წელს საპატიო მოქალაქედ იქნა არჩეული! ამ ეტაპზე ბატონი სოსო, დატვირთული და დამღლელი 12 წლის შემდეგ, კარიერაში ტაიმაუტს იღებს და ახალგაზრდა თაობას უთმობს ასპარეზს! მადლობა, ბატონო სოსო, საჩხერისა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის!“ – წერია „ჩიხურას” განცხადებაში.

საჩხერეს გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „ჩიხურას” ფრუიძის ნაცვლად, მისი ყოფილი ასისტენტი ვახტანგ თურმანიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ლადო ზაბახიძე დაეხმარება. ორივე მათგანი რამდენიმე დღის წინ უმაღლესი სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის მფლობელი გახდა.

„მთელი კლუბის სახელით ვულოცავთ ვახტანგსა და ვლადიმერს ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯს და ვუსურვებთ დიდ წარმატებებს საფეხბურთო კლუბ „ჩიხურასთან” ერთად!“ – ვკითხულობთ საჩხერეს „ჩიხურას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.