გაცვლა G ლიგაში - ბეჟანიშვილი „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
გაცვლა G ლიგაში - ბეჟანიშვილი „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას „ატლანტა ჰოუკსის“ განვითარების ლიგის გუნდში, „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას G ლიგის გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გუნდმა ჯასტინ ტილმენი „დენვერ ნაგეტსის“ სარეზერვო გუნდში, „გრანდ რაპიდს გოლდში“ გაუშვა და გიორგი ბეჟანიშვილთან ერთად, ნიკ სტაუსკასი დაიმატა. ამ ორ კალათბურთელთან ერთად „სკაიჰოუკსმა“ G ლიგის 2022 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება მოიპოვა.

„ბეჟანიშვილს NBA-ის G ლიგაში თამაშის 1-წლიანი გამოცდილება აქვს. „გრანდ რაპიდს გოლდში“ მან 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 18.7 წუთში 8.7 ქულას, 4.8 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა. ბეჟანიშვილი თამაშიდან 59.1 % სიზუსტით ისროდა.

206 სანტიმეტრი კალათბურთელი 3 წლის განმავლობაში „ილინოისში“ თამაშობდა, სადაც 95 თამაშში მიიღო მონაწილეობა (57 სასტარტო). ის იქ საშუალოდ 21.4 წუთი თამაშობდა და 8.2 ქულასა და 4.3 მოხსნას აგროვებდა“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელი ბოლოს კანადის ელიტურ ლიგაში CEBL-ში თამაშობდა, სადაც მისი ყოფილი გუნდი „გუელფ ნაითჰოუკსი“ პლეი-ოფის მეოთხედფინალიდან გამოვარდა.