გაბრიელა საბატინი - შტეფი გრაფი არასოდეს მძულდა
გაბრიელა საბატინი - შტეფი გრაფი არასოდეს მძულდა

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა გაბრიელა საბატინიმ განაცხადა, რომ არასოდეს უგრძვნია სიძულვილი გერმანელი შტეფი გრაფის მიმართ. არგენტინელი და გერმანელი ჩოგბურთელები ბევრჯერ გადაკვეთილან კორტზე და უფრო ხშირად, გამარჯვებული გრაფი გამოდიოდა. საბატინიმ აღიარა, რომ მოსწონდა თავისი მთავარი მოწინააღმდეგის თამაშის ცქერა.

„მძულდა თუ არა შტეფი? არა, რა თქმა უნდა, არა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ჩოგბურთიდან შტეფის საუკეთესო აქვს აღებული.

გამიმართლა, რომ ის ჩემი მეტოქე იყო. გრაფი ყოველთვის იყო ადამიანი, რომელსაც კონკურენცია უყვარდა. კორტის მიღმა კი ძალიან თავდაჭერილი გახლდათ. წლების განმავლობაში, როცა თამაშს თავი დავანებეთ, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. მე პატივს ვცემ შტეფის. ყოველთვის ასე იყო და ის საინტერესო ადამიანად მიმაჩნდა“, – განაცხადა საბატინიმ Tennis World USA-სთან კომენტარში.

1985-95 წლებში, გრაფი და საბატინი 40-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 29-ჯერ შტეფიმ მოიგო, 11-ჯერ – გაბრიელამ. გრაფმა კარიერაში „დიდი სლემის“ 22 ტურნირზე გაიმარჯვა, საბატინიმ – ერთზე.