გაბრიელ სიგუამ შვეიცარიაში გაიტანა – „ბაზელმა“ ქართველის გოლით 30 ივლისის შემდეგ პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის სუპერლიგაში გოლი გაიტანა და „ბაზელს“ „ივერდონის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:1.
სუპერლიგის მე-13 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „ბაზელის“ განაცხადში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის (26-ე წუთზე დრაგერის გატანილი გოლით) „ბაზელი“ 1:0 იგებდა, მაგრამ 73-ე წუთზე „ივერდონმა“ კესპედესის პენალტით წონასწორობა აღადგინა.
„ბაზელი“, რომელიც ახლო წარსულში შვეიცარიის საკლუბო ფეხბურთის ლიდერი იყო, ამჯერად გათამაშების აუტსაიდერია და ლიგაში დასარჩენად იბრძვის. ამიტომ, გუნდისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო და 3 ქულა სიგუას გოლით მოიპოვა.
18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი 85-ე წუთზე გაიტანა.
„ბაზელმა“ 13 ტურის შემდეგ მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-12 პოზიციაზეა. სიგუამ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლია.
🔴 Fabio Celestini reprenant la barque après un échec à Sion, et grâce à un solo du jeune géorgien Gabriel Sigua, Bâle bat Yverdon et prend sa première victoire en Super League depuis le 30 juillet ! 🇨🇭pic.twitter.com/IJrLtSsBvc
— Feuille de Match (@fdematch) November 5, 2023