გაბრიელ რამოსი ლატვიის ჩემპიონს შეუერთდა (ვიდეო)

ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ რამოსი, რომელიც 2019 წელს ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, კარიერას ლატვიაში გაგრძელებს, – ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა „ტრიბუნას“ ავრცელებს.

რამოსს მრავალი ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ „რიგა“ აირჩია, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ლატვიის ჩემპიონატში იმარჯვებს“, – წერს „ტრიბუნა“.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ბათუმის „დინამოში“ 2018-2019 წლებში ითამაშა და 56 მატჩში თავი ცხრა გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას 2020 წლის იანვარში ბათუმელთა ხელმძღვანელობა ჯერ თბილისურ შეკრებაზე ელოდა, შემდეგ თურქულ შეკრებაზე, მაგრამ რამოსმა ჩამოსვლა აღარ ისურვა.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებდა, გუნდს და ბათუმელ გულშემატკივრებს ფეხბურთელმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით აცნობა. საბოლოოდ, კლუბს იანვარში ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა და კარიერა ბელორუსის ჩემპიონატში გააგრძელა.

2020 წელს გაბრიელ რამოსმა ჟოდინოს „ტორპედოს“ შემადგენლობაში 28 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა, შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის სამეულში მოხვედრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ის სეზონის ბოლოს გამოცემა „პრესბოლმა“ საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში დაასახელა.