გაბიგოლის დუბლით „ფლამენგომ“ კოპა ლიბერტადორესი მოიგო
გაბიგოლის დუბლით „ფლამენგომ“ კოპა ლიბერტადორესი მოიგო

პორტუგალიის დედაქალაქ ლიმაში გაიმართა კოპა ლიბერტადორესის ფინალი. სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის ბრაზილიური „ფლამენგო“ და არგენტინული„რივერ პლეიტი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი შარშან მოპოვებულ ტიტულს იცავდა.

ანგარიში „რივერ პლეიტმა“ გახსნა, როდესაც მე-14 წუთზე თავი რაფაელ ბორემ გამოიჩინა. პირველ ტაიმში „ფლამენგოს“ ერთადერთი დარტყმა ჰქონდა, ისიც არაზუსტი. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ბრაზილიური გუნდის ბურთის ფლობის პროცენტულობა 62 იყო. „ფლამენგომ“ ცხრაჯერ დაარტყა კარში და 15 წარმატებული ფინტი შეასრულა. შედეგად, 89-ე წუთზე გაბრიელ ბარბოზამ (გაბიგოლი) გაათანაბრა ანგარიში, კიდევ სამ წუთში კი მანვე „ფლამენგოსთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1.

„ფლამენგომ“ თავის ისტორიაში მეორედ მოიგო ლიბერტადორესის თასი. პირველად ეს 1981 წელს მოხდა. მაშინდელ ტურნირში 11 გოლი გაიტანა გუნდის ლიდერმა ზიკომ. წლევანდელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ცხრა გოლით გაბრიელ ბარბოზა გახდა. ეს 23 წლის ფეხბურთელი „ინტერს“ ეკუთვნის და 2019 წლის ბოლომდე იჯარით თამაშობს „ფლამენგოში“.

ლიბერტადორესის თასის მოგების შემდეგ, „ფლამენგო“ გახდა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო მონაწილე. ეს ტურნირი დეკემბერში ყატარში გაიმართება.