ფუტსალშიც რუსეთი შეგვხვდა - ევრო 2022-ის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები ცნობილია
ფუტსალშიც რუსეთი შეგვხვდა - ევრო 2022-ის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე ჯგუფში მოხვდა – ეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჩვენი ნაკრები ჯგუფში უძლიერეს მეტოქეებთან ერთად, საფრანგეთთან და რუსეთთან ითამაშებს. აღნიშნულ ჯგუფს სომხეთისა და ბულგარეთის წყვილის გამარჯვებული დაემატება. შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება. მეტოქეები ერთმანეთს სახლი-გასვლის პრინციპით დაუპირისპირდებიან.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება. ფინალური ეტაპის საგზურს 16 გუნდი მიიღებს – მათ შორის, მასპინძელი ნიდერლანდები, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი. ერთი საგზურის მფლობელის ვინაობაც ბოლო ორი მეორეადგილოსანის დამატებით პლეი ოფში გაირკვევა. ფინალური ეტაპი ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.

 

ცნობილია საქართველოს ფუტსალის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების სავარაუდო განრიგი:

2020 წელი: 6-9 დეკემბერი

2021 წელი: 25 იანვარი – 3 თებერვალი

2021 წელი: 1-10 მარტი

2021 წელი: 5-14 აპრილი