ფუტსალში მესამე ლიგა დაარსდა და სადებიუტო ჩემპიონატი იწყება - გათამაშებაში „დინამო თბილისიც“ ჩაერთო #1TVSPORT
ფუტსალში მესამე ლიგა დაარსდა და სადებიუტო ჩემპიონატი იწყება - გათამაშებაში „დინამო თბილისიც“ ჩაერთო #1TVSPORT

სასტუმრო „ვინდჰამ გრანდ თბილისში“ ფუტსალის ლიგა 3-ის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. ეს იქნება რანგით მესამე ლიგის გათამაშება, რომელცი ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად ჩატარდება.

ფუტსალის ლიგა 3-ის სადებიუტო გათამაშება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 26 ნოემბერს დაიწყება და რვა გუნდი ითამაშებს – პირველი ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო თბილისი“, „რუსთავი“, „სელერო“, „სასკოლო ლიგის აკადემია“, „ქუთაისი 3“, „ჯიპა“, „სეუ“ და „საქართველოს უნივერსიტეტი 2“ დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ პირველად ხდება, როდესაც ფუტსალის ლიგაში, ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბების ბაზაზე შექმნილი გუნდები იასპარეზებენ. ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი „რუსთავი“. გუნდების შემადგენლობების 51 პროცენტით, 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული.

გუნდები ერთმანეთს რეგულარულ სეზონში ერთ წრედ დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც პლეი-ოფში განაგრძობენ ასპარეზობას. მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება, ფინალი კი – სამ მოგებამდე. საუკეთესო ორი კლუბი, მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგა 2-ში განაგრძობს ასპარეზობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტული სააგენტო SBM-ის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით, ფუტსალის ლიგა 3-ს ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

ფუტსალის „დინამო თბილისი“ გუნდის აკადემიის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მწვრთნელი საქართველის ფუტსალის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე კახა მაისაიაა, მისი ასისტენტი ბექა ტყემალაძე გახლავთ, გუნდის მენეჯერი კი – გიორგი შანიძე.