ფუტსალში ლიგის თასი გათამაშდება - ახალი სეზონი 9 ნოემბერს დაიწყება
ფუტსალში ლიგის თასი გათამაშდება - ახალი სეზონი 9 ნოემბერს დაიწყება

საქართველოს ფუტსალის ლიგის მეოთხე გათამაშება სტარტს 9 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. ეს სასტუმრო „სტამბაში“, ფუტსალის ლიგა 2-ის 2018/19 წლების სეზონის პრეზენტაციაზე განაცხადეს.

დღევანდელ წილისყრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ. წილისყრაში მონაწილეობა კი საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და თბილისის TMC-ის კაპიტანმა, ვახტანგ ჯვარაშვილმა მიიღეს. დამსწრეებს სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და სპორტული სააგენტო SBM დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს.

წლევანდელ ჩემპიონატში 8 გუნდი ითამაშებს, რომლებიც ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. ნახევარფინალურ და ფინალურ დაპირისპირებებში გამარჯვებული სამი მოგების შედეგად გამოვლინდება. მეშვიდე-მერვე ადგილზე გასული გუნდები კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

პირველად ქართული ფუტსალის ისტორიაში, რანგით მეორე, ლიგა 2-ს გათამაშებაც დაიწყება. სადებიუტო სეზონში ლიგაში 6 გუნდი ითამაშებს. ორი წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში ფინალისტებს გაარკვევს. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობას ერთმატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. პირველი ტურის შეხვედრები 11 და 18 ნოემბერს გაიმართება.

გაგრძელდება ფუტსალის ლიგის გაშუქების სატელევიზიო პროექტი, სადაც სფფ-სა და სპორტული სააგენტო SBM-ს პარტნიორი ტელეკომპანია „სილკია“. ყოველკვირეული სატელევიზიო მიმოხილვის გარდა, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ პარასკევს, ტურის ცენტრალური შეხვედრა პირდაპირ ეთერში იხილოს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეოთხე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი.

ცნობილი გახდა, რომ საპრიზო ფონდიც გაიზარდა. ფულადი საბონუსე სისტემა ფუტსალის ორივე ლიგის გუნდებისთვის იმოქმედებს. სეზონის კიდევ ერთი სიახლე, ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაა, რომელსაც გაზაფხულიდან ორევე ლიგის გუნდები გაითამაშებენ. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.