ფუტსალის თასი | პირველი ლიგის „სპორტუნი“ სენსაციის ავტორი გახდა #1TVSPORT
ფუტსალის თასი | პირველი ლიგის „სპორტუნი“ სენსაციის ავტორი გახდა #1TVSPORT

ფუტსალში წელი თასის 1/4-ფინალური მატჩებით დაიხურა. რვა მონაწილედან 4 სტუდენტური გუნდი იყო. აქედან სამი გათამაშებას გამოეთიშა, სპორტის უნივერსიტეტის გუნდი „სპორტუნი“ კი, რომელსაც აუტსაიდერად მიიჩნევდნენ, სენსაციის ავტორი გახდა.

თასის 1/4-ფინალური მატჩები თსუ-სა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ დაპირისპირებით გაიხსნა. მიმდინარე სეზონში ამ გუნდებმა უკვე ორჯერ ითამაშეს და ორივეჯერ ჯორჯიანელებმა ერთნაირი ანგარიშით, 4:2 იმარჯვეს. ავთანდილ ასათიანის ბიჭებმა ამჯერად უფრო სოლიდური სხვაობით მოიგეს 7:2 და ნახევარფინალში გავიდნენ.

დაძაბული დაპირისპირება გაიმართა პსპ-სა და ილიაუნს შორის. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ძირითადი ტაიმი საკმარისი არ აღმოჩნდა. დამატებით ტაიმებში პსპ-მ შანსები გამოიყენა და 4:2 გაიმარჯვა.

არმიამ ქუთაისის ბარიერი იოლად გადალახა. ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი 7:3 მოიგეს და ჯამში მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხეს – 12:4.

ერთადერთი გუნდი პირველი ლიგიდან, რომელიც თასის 1/4-ფინალში გავიდა, „სპორტუნია“, რომელმაც ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს, კსუ-ს ურთულეს დაპირისპირებაში 9:7 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.