ფუტსალის ნაკრებს კიდევ ერთი ბრაზილიელი გააძლიერებს - ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურები თბილისში დაიგეგმა #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრებს კიდევ ერთი ბრაზილიელი გააძლიერებს - ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურები თბილისში დაიგეგმა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს, ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

გუნდმა დასკვნითი შეკრება 11 იანვარს დაიწყო, ამხანაგური მატჩები კი 15 და 16 იანვარს შედგება. ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება გამორჩეული მოთამაშე ტიმი საიოტი, რომელმაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა, მაგრამ ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს.

სამაგიეროდ, გუნდშია ვახტანგ ჯვარაშვილი, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ პერიოდში შეეცდება, რომ ფორმის პიკს მიაღწიოს.

ფუტსალის ნაკრებში არის მნიშვნელოვანი სიახლეც – ტიმი საიოტის არყოფნაში ავთანდილ ასათიანმა ზვიად კუპატაძის გუნდელი, „გაზპრომ იუგრას“ 32 წლის მოთამაშე ვილიანი მიიწვია, რომელიც ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იქნება.

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა – თელასი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი)

15-16 იანვარი. თბილისის სპორტის სასახლე. 18:00

საქართველო – ტაჯიკეთი

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით თამაშებზე დარბაზის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 19 იანვარს გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე ავთანდილ ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩები 22, 26 და 29 იანვარსაა დაგეგმილი.