ფუტსალის ნაკრების წევრი გიორგი ღავთაძე - გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრების წევრი გიორგი ღავთაძე - გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ კომენტარი გააკეთა სლოვაკეთთან ევრო 2026-ის პლეი ოფის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 18 სექტემბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე ჩატარდება.

„აქამდე მოსვლა იოლი ნამდვილად არ იყო, რთული გზა გამოვიარეთ. ძალიან მძიმე თამაშები გვქონდა, მაგალითად, კოსოვოს ნაკრებთან. ვფიქრობ, ეს შეხვედრები იყო გადამწყვეტი, რამაც პლეი ოფის საგზური მოგვიტანა.

რაც შეეხება სლოვაკეთის ნაკრებს, ვფიქრობ, თანაბარი მეტოქეები ვართ. შესაძლოა, მათი უპირატესობა გამოცდილება იყოს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ორ მატჩში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო მეტს იბრძოლებს, სწორ ფეხბურთს ითამაშებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

სულ სხვა განცდაა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობ და ასეთ გარემოში მხარს გიჭერენ. მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივრებს, მოვიდნენ, ერთად ძალიან დიდი ძალა ვიქნებით. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა გიორგი ღავთაძემ.

საქართველოს ნაკრები სლოვაკეთს თბილისში 18 სექტემბერს, 20:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. საპასუხო შეხვედრა 23 სექტემბერს სლოვაკეთში გაიმართება.