ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-მდე ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-მდე ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ამხანაგურ მატჩებს გამართავს – ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პირველ არხთან განაცხადა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები თბილისში პლეი ოფის პირველი მატჩის მოგების (4:1) შემდეგ ბრატისლავაში სლოვაკეთთან 3:5 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ევრო 2026-ის საგზური მოიპოვა.

„წლის ბოლომდე უეფა-ს სამი კალენდარული სანაკრებო „ფანჯარაა“ – ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. ამ პერიოდში ამხანაგური მატჩების გამართვა გვსურს. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაცია უკვე მუშაობს და თამაშებს აუცილებლად ჩავატარებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებას ფორმის პიკში შევხვდეთ.

ევრო 2026-ის წილისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება და გვეცოდინება, ვის შევხვდებით და ჩვენი გუნდის მატჩებს რომელი ქვეყანა უმასპინძლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სასეირნოდ არ წავალთ და ჩვენს სიტყვას იქაც აუცილებლად ვიტყვით“, – განაცხადა პირველ არხთან ავთანდილ ასათიანმა.

ევრო 2026-ის ფინალურ ეტაპს სამი ქვეყანა, სლოვენია, ლატვია თუ ლიეტუვა 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს.