ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - „ნიუ ვიჟენი“ ტიტულს პსპ-სთან დაიცავს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ფინალისტები ცნობილია - „ნიუ ვიჟენი“ ტიტულს პსპ-სთან დაიცავს #1TVSPORT

ფუტსალის ლიგის ფინალში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ და „პსპ“ გავიდნენ, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ – ლიგის საუკეთესო გუნდები ნახევარფინალების შემდეგ გაირკვა.

ბოლო წლებში პირველად ორივე გუნდმა ნახევარფინალში მხოლოდ ორი მატჩი გამართა და ფინალში მესამე დამატებითი დაპირისპირების გარეშე გავიდა (ფინალში გუნდი ორი მოგების შემთხვევაში გადის).

პსპ – კსუ 2:0 (5:2, 2:2 – 5:4 პენალტების სერიით)

„პე-ეს-პემ“ პირველი მატჩი დამაჯერებლად მოიგო (5:2), განმეორებით შეხვედრაში კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) ბესიკ არველაძის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კსუ 2:1-ს იგებდა, მაგრამ „პე-ეს-პემ“ ანგარიში გაათანაბრა.

დამატებითი სამწუთიანი ტაიმებიც უშედეგოდ დასრულდა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც უკეთ „პე-ეს-პემ“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ შამილაძემ ჯერ ძირითად დროში გაათანაბრა ანგარიში და გადამწყვეტი პენალტიც მან გაიტანა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ – თსუ 2:0 (3:2, 6:3)

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“, ფაქტობრივად, თამაშის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა. ავთანდილ ასათიანის გუნდი შესვენებამდე 4:0 დაწინაურდა. მეორე ნახევარი ფორმალური აღმოჩნდა და მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

პსპ-სა და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის“ ფინალური მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს კსუ და თსუ დაუპირისპირდებიან. მატჩების თარიღები ჯერ უცნობია.