ფუტსალის ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „კავკასიამ“ ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა | ტურის ცენტრალურ მატჩში „კავკასიამ“ ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ლიგაში რეგულარული სეზონის მე-16 ტურის მატჩები გაიმართა. წლევანდელი სეზონი უხვგოლიანობით გამოირჩევა და გამონაკლისი არც ეს ტური ყოფილა – ოთხ შეხვედრაში 37 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 9,25 გოლს ნიშნავს.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ), მოქმედ ჩემპიონს, „ნიუ ვიჟენ ჟორჯიანს“ დაუპირისპირდა და 6:3 დაამარცხა.

„კავკასიელთა“ შემადგენლობაში თავი საქართველოს ნაკრების წევრებმა გამოიჩინეს – საბა ტყეშელაშვილმა დუბლი შეასრულა, გოლები ასევე გაიტანეს ჯანიკო გიორგაიამ, არჩილ სებისკვერაძემ და გიორგი ჩიმაკაძემ. ერთ ეპიზოდში ბურთი საკუთარ კარში ნუკრი ჭუმბურიძემ ჩაჭრა.