ფუტსალის ლიგა - თსუ ისევ 100-პროცენტიანია, „თელასმა“ „თბილისს“ გადაასწრო
ფუტსალის ლიგა - თსუ ისევ 100-პროცენტიანია, „თელასმა“ „თბილისს“ გადაასწრო

საქართველოს ფუტსალის ლიგაში გამართული ოთხი ტურის შემდეგ ლიდერი არ შეცვლილა – თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩებში მოულოდნელობა არ მომხდარა, ლიდერების შეხვედრაში კი ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა.

დღის პირველ შეხვედრაში „თელასი-ჯორჯიანსი“ „ილიაუნს“ დაუპირისპირდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა უპირატესობა საწყის წუთებზევე მოიპოვა და მეტოქე დაამარცხა. ანგარიში მე-14 წამზე ჯანიკო გიორგაიამ გასხნა. მე-7 წუთზე ვიცე-ჩემპიონის უპირატესობა ორამდე ვახტანგ ჯვარაშვილმა გაზარდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე „თელასმა“კიდევ ერთი გოლი გაიტანა – მე-14 წუთზე ჯანიკო გიორგაიამ დუბლი გაიფორმა. საბოლოო ანგარიში 36-ე წუთზე „ილიაუნის“ მოთამაშე ზურაბ ფიჩხაძემ დააფიქსირა – 3:1 „თელასი-ჯორჯიანსის“ სასარგებლოდ.

მეორედ სათამაშოდ ლიდერები გავიდნენ – თსუ-სა და „თბილისის“ დაპირისპირებაში 8 გოლი იყო. თსუ-დან გოლები გაიტანეს და დუბლი შეასრულეს ნოდარ ქურცაძემ და გიორგი ჭოხონელიძემ, 1-1 გაიტანეს დავით გეგეშიძემ და შალვა ცხადაძემ. „თბილისიდან“ თავი გამოიჩინეს თამაზ გოგსაძემ და ოთარ ბერეჩიკიძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში მერვე გოლით თბილისელთა ბომბარდირთა დავას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ერთწუთიან მონაკვეთში გიორგი დიაკვნიშვილმა ორი ათ მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, თსუ-მ ლიდერთა ბრძოლა 6:2 მოიგო.

პსპ-მ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბესო არველაძის გუნდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს (კსუ) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან თავი გამოიჩინეს თორნიკე ქართველიშვილმა, ლევან სვანიძისა და ნიკა ხარატიშვილმა, ხოლო ერთი ბურთი საკუთარ კარში გიორგი ღავთაძემ ჩაჭრა, რომელმაც 22-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. კსუ-დან გოლი ლუკა ფარცვანიას ანგარიშზეა. კსუ-ს გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ 36-ე წუთზე 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ლაშა სიგუნავას გურამ ჯიჯელავამ აუღო.

ოთხი ტურის შემდეგ ფუტსალის ლიგას 12 ქულით კვლავ თსუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, 9 ქულით „თელასი-ჯორჯიანსი“ დაწინაურდა და „თბილისს“ გადაასწრო.