ფუტსალის ლიგა | სენსაციური მარცხი - მოქმედი ჩემპიონი ილიაუნიმ შეაჩერა
ფუტსალის ლიგა | სენსაციური მარცხი - მოქმედი ჩემპიონი ილიაუნიმ შეაჩერა

ფუტსალის ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. „ილიაუნი“ „თელასს“ დაუპირისპირდა, რომელიც ზამთრის შესვენებაზე საკადრო პრობლემებსი წინაშე აღმოჩნდა.

გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, განაცხადში წინა ხაზის მხოლოდ შვიდი მოთამაშე ჰყავდათ და მათგან ორი, შოთა თოფურია და ვახტანგ ჯვარაშვილი, მოედანზე ტრავმებით გავიდნენ. გუნდს ისეთი საკადრო პრობლემები შეექმნა, რომ მოედანს გუნდის მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი და მისი თანაშემწე არჩილ ბოკერია დაუბრუნდნენ.

ჯანმრთელად და ფორმაში მხოლოდ საჩემპიონო შემადგენლობის სამი მოთამაშე იყო და ცხადია, ამან შედეგზე გავლენა მოახდინა. პირველ ნახევარში ილიაუნიმ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და 5:1 დაწინაურდა. „ენერგეტიკოსებმა“ მაინც მოახერხეს სხვაობის აღმოფხვრა და წონაწორობის აღდგენა, თუმცა სტუდენტები ბოლო ხუთ წუთში ნიკა გვაზავას დუბლით დაწინაურდნენ და მოქმედი ჩემპიონი 7:5 დაამარცხეს. „თელასში“ ჰეთ-თრიკი ამირან ცხომარიამ გაიფორმა, ორიც გიორგი სოზაშვილის ანგარიშზეა. „ილიაუნიდან“ ერთი ბურთის ავტორი თემურ ექიზაშვილი გახდა, ორი კი გიორგი ტიკურიშვილმა გაიტანა.

ტურის დასკვნით მატჩში მეორეადგილოსანი „თსუ“ „თბილისს“ შეხვდა და 6:2 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები გაიტანეს ბორის ესებუამ (2), შაკო კაპანაძემ, ლუკა ჭუმბურიძემ, გიორგი ჩიმაკაძემ და ლაშა ერქომაიშვილმა, ხოლო დამარცხებულებიდან აველო კიკვაძემ (2). ამ მოგებით „თსუ“ „თელასს“ გაუთანაბრდა და მეექვსე ტურის შემდეგ ორივე გუნდი 15-15 ქულით ლიდერობს.

ფუტსალის ლიგის მორიგი შეხვედრები სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება. მეშვიდე ტური 7 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და 8 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდება.