ფუტსალის ლიგა. გიორგი ჩიმაკაძე - შევეცდებით, ჩემპიონთა ლიგაზე ქვეყანა ვასახელოთ
ფუტსალის ლიგა. გიორგი ჩიმაკაძე - შევეცდებით, ჩემპიონთა ლიგაზე ქვეყანა ვასახელოთ

„სამივე თამაშში ყველაფერი გავაკეთეთ შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა ნამდვილად დავიმსახურეთ“, – ეს ფუტსალში საქართველოს ახალი ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გუნდის წევრმა გიორგი ჩიმაკაძემ ფინლური სერიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და „თელასს“ შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, თსუ-მ 3:2 იმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.

თსუ საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გიორგი ჩიმაკაძემ ამაზეც ილაპარაკა.

„ჩვენი მეტოქე „თელასი“ შარშანდელი ჩემპიონია და ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად რთული შეხვედრები გვქონდა. გახარებულები ვართ, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდი გავხდით. ამით ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ევროსარბიელზე სათამაშოდ მომზადებას მალევე დავიწყებთ და შევეცდებით ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ,“ – ამბობს თსუ-ს მოთამაშე.