ფუტსალის ლიგა განახლდება, მაგრამ წელს თასის გათამაშება არ გაიმართება
ფუტსალის ლიგა განახლდება, მაგრამ წელს თასის გათამაშება არ გაიმართება

კორონავირუსის Covid19-ის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ლიგა და ლიგა 2 მე-12 ტურით განახლდება. თამაშები 25 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება – ინფორმაციას ფუტსალსი ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გუნდები წრიულ ეტაპს გააგრძელებენ და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ორივე ჩემპიონატის დებულებაში – ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გასტანს, ხოლო ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდები პლეოფში ერთ მოგებამდე იბრძოლებენ. ფუტსალის ლიგის თასი კი წელს არ გათამაშდება.

სეზონის დარჩენილი შეხვედრები შემჭიდროვებულ ვადებში გაიმართება. პლეი-ოფები 5 აგვისტოს დაიწყება. ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული 11 აგვისტოს გამოვლინდება. ფინალში დამარცხებული კი 14 აგვისტოს უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ფუტსალის ლიგის მეხუთეადგილოსანს დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფინალური სერიის თამაშები 14 და 17 აგვისტოს გაიმართება. გადამწყვეტი მატჩის საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა 19 აგვისტოს ჩატარდება.

ძალაში რჩება პანდემიის პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვა თამაშებზე დასწრებასთან დაკავშირებით და მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება. თუმცა, შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარს საქართველოს ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ის შეხვედრების ხილვა კვლავ შეეძლება. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ვებგვერდ sbm.ge-ზე და ლიგის Facebook და Youtube არხებზე იქნება ხელმისაწვდომი.

25 ივლისს თბილისის ოლიმპიური სასახლე შემდეგ შეხვედრებს უმასპინძლებს:

ფუტსალის ლიგა:

თბილისი VS მართვე (ქუთაისი)

ილიაუნი VS თსუ

თელასი VS ბსუ