ფუტსალის ლიგა 2-ში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა 2-ში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს #1TVSPORT

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ფინალურ სერიაში „ილიაუნი2“ „არმიას“დაუპირისპირდა, ჯამში 2:1 დაამარცხა (6:8, 5:2, 7:1) და სეზონის ჩემპიონი გახდა. 

საუკეთესო მეკარედ „არმიას“ კარის დარაჯი, ვახტანგ ტერუნაშვილი დასახელდა. მისმა თანაგუნდელმა ბაკურ ნანეიშვილმა 14 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტის ჯილდო დაისმახურა.

საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული მალხაზ შამილაძეს (ბსსა) ერგო. ყველა დანარჩენი პრიზი კი „ილიაუნი 2“-ის მოთამაშეთა კუთვნილება გახდა. საუკეთესო მცველად დავით თაბაგარი აღიარეს, ხოლო საუკეთესო უნივერსალად – ლაშა კურტანიძე.

სეზონის საუკეთესო მოთამაშეც „ილიაუნი2“-ის წარმომადგენელი საბა მაჩიტიძე გახდა, რომლის ანგარიშზეც სეზონში 33 გოლია და საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც მიიღო. მან „არიასთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„კარგი და სანახაობრივი სეზონი გამოვიდა. ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას, რომელიც დავიმსახურეთ. მთელი რეგულარული სეზონი კარგად ვითამაშეთ და პირველ ადგილზე დავამთავრეთ. 1/2 ფინალში პირველი თამაში წავაგეთ, მაგრამ შემდეგ მოტივაციის ხარჯზე მოვიგეთ. საფინალო სერიაც მსგავსი იყო, დავთმეთ პირველი მატჩი. შემდეგ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები და შედეგიც სახეზეა. ორი თამაში მოვიგეთ ზედიზედ და ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულს დავეუფლეთ. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და სიხარულია ერთდროულად სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება და ბომბარდირობა. ეს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება შეიძლება იყოს და არა მხოლოდ ჩემი“, – ამბობს ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე საბა მაჩიტიძე.