ფუტსალის ევრო 2022-ის შედეგები - პორტუგალიამ ესპანეთის მიღწევები გაიმეორა, სებისკვერაძე ბომბარდირებში მეორე ადგილზეა #1TVSPORT
ფუტსალის ევრო 2022-ის შედეგები - პორტუგალიამ ესპანეთის მიღწევები გაიმეორა, სებისკვერაძე ბომბარდირებში მეორე ადგილზეა #1TVSPORT

უეფა-მ ფუტსალის ევრო 2022-ზე საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა გამოაქვეყნა. პორტუგალიამ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ტიტულების რაოდენობით იტალიას გაუსწრო. ესპანეთს შვიდი გამარჯვება აქვს, რუსეთს ერთი, სხვა ქვეყანა ჩემპიონი არ გამხდარა.

პორტუგალია მეორე გუნდია ესპანეთის შემდეგ (2007, 2010 და 2012), რომელმაც ტიტულის დაცვა მოახერხა. პორტუგალიელებმა ზედიზედ მესამე დიდი ტურნირი მოიგეს (ევრო 2018, მსოფლიო ჩემპიონატი 2021 და ევრო 2022) და გაიმეორეს ესპანეთის კიდევ ერთი მიღწევა.

ანდრე სოუზა, ბრუნო კოელიო, ანდრე კოელიო, ჟოაო მატოსი, ფაბიო სესილიო, პანი ვარელა და ტიაგო ბრიტო მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები, ისევე როგორც მწვრთნელი ჟორჟ ბრასი. აბრამოვი და ივან მილოვანოვი რუსების მწვრთნელ სერგეი სკოროვიჩთან ერთად ფინალში მეოთხედ დამარცხდნენ.

პორტუგალიამ ევრო 2022-ზე სამჯერ შემოაბრუნა თამაში მას შემდეგ, რაც 0:2-ს აგებდა. ჩემპიონებმა ფინალამდე ეს მოახერხეს სერბეთთან გახსნის მატჩში (4:2), ნახევარფინალში – ესპანეთთან (3:2) და ფინალში – რუსეთთან (4:2).

პორტუგალია დაუმარცხებელია ზედიზედ 33 მატჩში მას შემდეგ, რაც 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ირანთან პენალტებით დამარცხდა. სათამაშო დროს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ პორტუგალიელებს 34 შეხვედრა არ წაუგიათ – სათამაშო დროში ბოლო მარცხი 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინასთან განიცადეს.

ჩვენთვის საინტერესო სტატისტიკაც – ტურნირების ისტორიაში გატანილი გოლებით, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-6 ადგილზე საქართველოს ნაკრების მოთამაშე არჩილ სებისკვერაძეა, რომლის ანგარიშზეც სულ 31 გოლია. ამას გარდა, სებისკვერაძე დასრულებული ევროპის ჩემპიონატის (შესარჩევი ციკლის ჩათვლით) საუკეთესო ბომბარდირებში 10 გოლით მეორე პოზიციაზე გავიდა.