ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | „ჯორჯიანსმა“ გერმანიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | „ჯორჯიანსმა“ გერმანიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა „ჯორჯიანს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი რაუნდის F ჯგუფში მეორე მატჩი ფავორიტთან, „შტუტგარტი 2020“-თან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.

თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე მინი-ტურნირზე პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონი შვედურ „ორებროსთან“ 2:5 დამარცხდა. მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქესთან, გერმანიის ჩემპიონთან ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.

პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა – მე-12 წუთზე საქართველოს ჩემპიონი ნიკა გაბრიჭიძემ დააწინაურა და ტაიმი „ჯორჯიანს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა“ 1:0 მოიგო.

მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა. 29-ე წუთზე კახა მაისაიამ გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, მაგრამ 26 წამში ამერ ჯიჯნიჩმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 36-ე წუთზე ისევ გაბრიჭიძემ გამოიჩინა თავი, მაგრამ ამერ ჯინჯიჩმა 25 წამში სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა.

შტუტგარტი 2020“-მა ბოლო წუთები შეტევაში გაატარა და საქართველოს ჩემპიონმა კონტრშეტევაზე დაიჭირა. მატჩის დასრულებამდე 33 წამით ადრე გერმანელთა კარი მეოთხედ ვახტანგ კეკელიამ აიღო და ამ დაძაბულ შეხვედრას წერტილი დაუსვა – 4:2 „ჯორჯიანს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სასარგებლოდ.

ჯგუფის მეორე მატჩში „ორებრომ“ (შვედეთი) მასპინძელი „სტამბულ შიშლიც“ (თურქეთი) დაამარცხა 10:3 და 6 ქულით პირველ ადგილზეა, 3-3 ქულა აქვთ გერმანიის და საქართველოს ჩემპიონებს, მაგრამ პირადი მაჩვენებლებით მეორეზე „ჯორჯიანსია“.

27 აგვისტოს, ბოლო ტურში „ჯორჯიანსი“ მასპინძელ „ისტამბულ შიშლის“ დაუპირისპირდება, ხოლო „ორებრო“ – „შტუტგარტი 2020“-ს. ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ ადგილზე გასვლისა და ელიტ რაუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.