ფუტსალი | საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
ფუტსალი | საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით მატჩში საფრანგეთს უმასპინძლა და დრამატულ, სანახაობრივ დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა — შეხვედრა 3:3 დასრულდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფის დაუმარცხებელ ლიდერს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება 11 აპრილს, კოსოვოსთან გამარჯვებით (3:1) მოიპოვა. ფრანგებთან 4-ბურთიანი სხვაობით მოგების შემთხვევაში კი ჯგუფიდან პირდაპირ გავიდოდა.

ჩვენი გუნდი ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა — არა მხოლოდ დიდი სხვაობით, არამედ უბრალოდ გამარჯვებაც წარმოუდგენელი ჩანდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანთან. თუმცა საქართველოს ნაკრებმა ძლიერ მეტოქესთან ღირსეულად იასპარეზა და მატჩის დაწყებიდან მალევე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ანგარიში მე-5 წუთზე ლევან სვანიძემ გახსნა, ხოლო 36 წამში სტუმართა კარი ვახტანგ ჯვარაშვილმა აიღო.

სტუმრებმა პასუხად დიდი ძალებით შეუტიეს. ტაიმის მიწურულს სხვაობა შეამცირეს — მე-20 წუთზე სწრაფი კონტრშეტევა მიკაელ დე სა ანდრადემ დააგვირგვინა. მეორე ტაიმში აბდესამად მოჰამედიმ (24-ე წუთზე) წონასწორობა აღადგინა, ხოლო 30-ე წუთზე ნელსონ ლუტენმა საფრანგეთი წინ გაიყვანა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა კვლავ შეუტია და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა სტუმართა მეკარე დამაჯერებლად ასპარეზობდა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა მიზანს მაინც მიაღწიეს — 32-ე წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთებში სებისკვერაძეს გოლის გატანის შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მის მიერ შესრულებული პენალტი ფრანგთა მეკარემ მოიგერია და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, 3:3 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ჯგუფში გამოსვლა 13 ქულით დაასრულა, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც საფრანგეთს ქულა წაართვა. პლეი ოფის წილისყრა 21 მაისს გაიმართება.