ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მწვრთნელი – მსურს, თელაველებს მხარდაჭერა ვთხოვო #1TVSPORT

14:35, 04.11.2026

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა ლიბანთან 5 და 7 ნოემბერს თელავში გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მსურს, თელაველებს მხარდაჭერა ვთხოვო. აქ ძალიან კარგი დარბაზია და მოხარულები ვართ, რომ თელავში ჩამოვედით. უკვე ორი დღეა, აქ ვიმყოფებით და ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი დაგვრჩა, ამიტომ ლიბანის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრები ჩვენთვის მოსამზადებლად კარგი შესაძლებლობა იქნება.

სამწუხაროდ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია, თუმცა მათ ახალგაზრდა მოთამაშეები ჩაანაცვლებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ორი შეხვედრა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და შევარჩიოთ ის ტაქტიკა, რომელიც საკვალიფიკაციო მატჩებში დაგვჭირდება“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

საქართველოსა და ლიბანის ფუტსალის ეროვნული ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი 5 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე შეხვედრა 7 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. ორივე მატჩზე დასწრება უფასოა.

მსგავსი