ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩში ლატვიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ლატვიას დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
შეხვედრის პირველივე წუთებზე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, მცველი შოთა თოფურია დაშავდა, რამაც თამაშის მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინა. ლატვიელებმა კი ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-3 წუთზე გერმანს მატიუშენკომ გაიტანა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და არაერთი რეალური საგოლე შანსიც შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო. ლატვიის ნაკრების მეკარე რაინერს მურნიეკსი საიმედოდ მოქმედებდა.
შესვენების შემდეგ „ჯვაროსნებმა“ კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მომენტების რეალიზება ამჯერადაც ვერ მოახერხეს. ლატვიამ კი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – ედგარს ტარაკანოვსმა 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, ორ წუთში კი კონტრშეტევაზე დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში 40-ე წუთზე ანდრეის ბაკლანოვსმა დააფიქსირა.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში საფრანგეთმა და ხორვატიამ ფრედ ითამაშეს – 2:2. პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფის ლიდერი ლატვიაა.