ფუტსალი | საქართველომ ევრო 2030-ის მასპინძლობაზე კანდიდატურა წარადგინა #1TVSPORT
საქართველო ფუტსალში ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია – უეფა-ში მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. მასპინძლობის უფლებისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოლებს: საქართველო, საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი.
ესპანეთმა და ხორვატიამ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს ერთხელ უკვე უმასპინძლეს. დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ასეთი გამოცდილება იქნება.
მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2027 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს.
2030 წლის ევროპის ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში მეთოთხმეტე იქნება. ბოლო პირველობას, 2026 წელს, ლიეტუვამ, ლატვიამ და სლოვენიამ ერთობლივად უმასპინძლეს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 და 2026 წლებში იასპარეზა. 2022 წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის დაიკავა ადგილი.
„საქართველოს, უეფა-სთან თანამშრომლობით, მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და პროგრესიც თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ქვეყნისთვის, ისე ფეხბურთის ფედერაციისთვის.
ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ, ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს ევროპის ფუტსალის საუკეთესო ნაკრებებს უმასპინძლოს.
დაწყებული გვაქვს მზადება FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად ვუმასპინძლებთ“, – თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა.