ფუტსალი | მეინ რაუნდის მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში გამართა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში საფრანეგეთს ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ „თბილისი არენაზე“ კოსოვოს ნაკრები 3:1 დაამარცხეს. მაგრამ ამჯერად მეტოქე ბევრად ძლიერი საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელმაც პირველ ტურში, გასვლით მატჩში, ბულგარეთს 11:0 მოუგო.
თვალშისაცემია, რომ ლეგიონერებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოს ნაკრები საგრძნობლად დაასუსტა. ორლეანის „კომეტ არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ფრანგებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და ტაიმი 2:0 მოიგეს – ანგარიში მე-10 წუთზე სუჰეილ მუჰუდინმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი უასინი გირომ (15) გაიტანა.
შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა – ფრანგებმა კიდევ სამი ბურთი გაიტანეს – სუჰეილ მუჰუდინიმ (23) დუბლი შეასრულა, ისევ როგორც აიუბ ბუიტამ (25, 28). საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ გააქტიურდა და გიორგი ღავთაძისა (31) და ნიკოლოზ გაბრიჩიძის (40) გოლებით სხვაობა შეამცირა.
ევრო 2026-ის მეინ რაუნდის მე-10 ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოსოვომ ბულგარეთს 6:2 სძლია. ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი ჯგუფში უდანაკარგოდ (6 ქულა) ლიდერობს, საქართველოს ნაკრები (3) მეორე ადგილზეა და კოსოვოს დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს (3), ხოლო ბულგარეთი (0) ბოლო პოზიციაზეა.
შემდეგ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს – 31 იანვარს თბილისში, ხოლო 4 თებერვალს სოფიაში.