ფუტსალი | ირაკლი თოდუა - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე გავედით #1TVSPORT
ფუტსალი | ირაკლი თოდუა - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე გავედით #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა ირაკლი თოდუამ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიასთან მოგებული (6:4) მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ მოგებით ნაკრები, ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„რთული თამაში გამოვიდა. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ავსტრიის ნაკრები დაწინაურდა, მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება და სასურველი შედეგის მიღწევა. მთავარია, რომ პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და, ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპზე გავედით.

მარტში ბელგიასთან გასვლითი შეხვედრა დაგვრჩა და ვეცდებით, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეთ, რადგან წილისყრისას ზედა კალათაში ვიყოთ განთესილი, რომ შედარებით სუსტი მეტოქეები შეგვხვდეს“ – ამბობს ირაკლი თოდუა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ავსტრიასთან უხვგოლიან შეხვედრაში 6:4 გაიმარჯვა, ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს და მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი 2023 წლის 7 მარტს, მეორე ადგილზე მყოფი ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.